English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ტურიზმის, როგორც ეკონომიკური დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, რომელიც გარკვეულწილად ასახავს ტურიზმის დარგის განვითარების დღევანდელი მდგომარეობის რეალურ სურათს, რომლის ანალიზიც ნათელყოფს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტურიზმის დარგი მუდმივად ფართოვდება, განიცდის დივერსიფიკაციას და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დარგად რჩება. სხვადასხვა პერიოდში გარკვეული ეკონომიკური რყევების მიუხედავად, ტურიზმის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მუდმივად იზრდება. სტატიაში ასევე განხილულია თანამედროვე ტენდენციების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, განვითარება, ტენდენცია, ტერორიზმის საფრთხე, მდგრადობა, დესტინაცია, ტურისტული მიმართულება. 

საერთაშორისო ეკონომიკის განვითარება და ცხოვრების დონის ამაღლება განაპირობებს მოთხოვნებს ტურისტულ მომსახურებებზე და მათ მრავალფეროვნებას. დღეისათვის ტურისტული მომსახურებების განვითარების ძირითადი მიმართულებებია: გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სამეცნიერო-ტექნიკური, ეკოლოგიური, სოციალურ-კულტურული, ორგანიზაციული, ხოლო ზემოქმედების ეფექტის მიხედვით: მასტიმულირებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორები. იმ პირობების სპეციფიკას, რომელშიც ფორმირდება ტურისტული შემოთავაზებები, განაპირობებს ერთი მხრივ, გლობალური ტენდენციები და კონკურენციის გამწვავება, მეორე მხრივ ტურისტული მოთხოვნების ტრანსფორმაცია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტურიზმის დარგი მუდმივად ფართოვდება, განიცდის დივერსიფიკაციას და  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დარგად რჩება. სხვადასხვა პერიოდში გარკვეული ეკონომიკური რყევების მიუხედავად, ტურიზმის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა. საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის UNWTO-ს მონაცემების მიხედვით 1950 წელს ეს მაჩვენებელი 2,5 მლნ ადამიანს უდრიდა; 1980 წელს - 278 მლნ; 1995 წელს – 527 მლნ, ხოლო 2016 წელს საერთაშორისო ტურიზმის მოცულობა 4%-ით გაიზარდა და 1,235 მილიარდი ტურისტი შეადგინა ანუ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მეშვიდე ადამიანი კვეთს საერთაშორისო საზღვრებს და თავისი წვლილი შეაქვს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში. დღეისათვის მსოფლიოს 195 სახელმწიფოდან ტურიზმში ჩართულია 155 ქვეყანა და საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლების დინამიკა ნაჩვენებია 1 სურათზე.

  

სურ 1. საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლების დინამიკა 1990-2016 წლებში,

მლნ ადამიანი [12] 

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1950 წლისათვის იგი უდრიდა 2 მლრდ აშშ დოლარს; 1980 წელს – 104 მლრდ დოლარს; 1995 წელს – 415 მლრდ დოლარს და 2016 წლისათვის 1254 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა [4]. 2016 წლისათვის რეგიონულ ჭრილში ეს მაჩვენებელი გაიზარდა ამერიკაში - 8%-ით, აზია–წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში – 5%-ით, ევროპაში – 3%-ით [5]. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ ლიდერობს აშშ 207 მლრდ აშშ დოლარით (2016). ტურისტული დანახარჯების თვალსაზრისით, ლიდერია ჩინეთი. 2016 წელს ჩინელი ტურისტების დანახარჯების საერთო მოცულობა 261 მილიარდი იყო. UNWTO-ს მონაცემებითვე 2016 წელს ტურიტულმა ინდუსტრიამ შეადგინა მსოფლიო მშპ-ს 10%,  ტურიზმი მსოფლიო ექსპორტის 7%, ხოლო მომსახურების ექსპორტის 30%.

ტურიზმის მომავალი განვითარების ძირითად ფაქტორებად ითვლება საერთო და დარგობრივი ფაქტორები: კონკურენცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაგადაყვანები, ტუროპერატორების მომსახურება, ასევე პოლიტიკური და სოციალური პირობები.

ბოლო წლებში მსოფლიოში შეინიშნება მოგზაურთა რაოდენობის ზრდის ტემპის მატების ტენდენცია. მეზობელ უსაფრთხო ქვეყნებში, შორეულ ქვეყნებთან შედარებით. ზოგიერთი ექსპერტი ამას მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხის ზრდით ხსნის (სწორედ ტერორიზმის გაზრდილმა მასშტაბმა გამოიწვია დასავლეთ ევროპაში ტურისტების რაოდენობის კლება. მსოფლიოს ნომერ პირველ ტურისტულ ქვეყანაში – საფრანგეთში უცხოელი ტურისტების 4%-იანი კლება დაფიქსირდა პარიზისა (2015 წ. 13 ნოემბერი) და ნიცის (2016 წ. 14 ივლისი) საზარელი ტერორისტული აქტების გამო. ტურისტების რაოდენობა შემცირდა ბელგიაში 13%-ით ბრიუსელის ტერორისტული აქტის შედეგად. კაიროსა და სხვა ქალაქებში გახშირებული ტერორისტული აქტების შემდეგ ტურისტების რაოდენობამ ეგვიპტეში 42%-ით იკლო. მასობრივმა არეულობებმა და ტერორისტულმა აქტებმა სტამბოლისა და თურქეთის სხვა ქალაქების უსაფრთხო იმიჯის აღქმა მთლიანად შეცვალა, რაც სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელზე აისახა [10]), სხვები კი – ტურების რაოდენობის ზრდას შვებულების პატარა მონაკვეთებად დანაწევრების ტენდენციას უკავშირებს. ტურისტული ნაკადების ზრდა და ამით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ცვლილებები გახდა ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების არსებითი ფაქტორი.

WTO-ს (მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია) და AEEST-ს (ტურიზმის მეცნიერ-ექსპერტების საერთაშორისო ასოციაცია) მონაცემებით, ტურიზმის განვითარების დღევანდელი თავისებურებები გამოწვეულია მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებში საერთაშორისო ტურისტული ნაკადების არათანაბარი განაწილებით. 

საერთაშორისო ტურიზმის განვითარების კუთხით ყველაზე მეტად დატვირთულია დასავლეთ ევროპა, რომლის წილადაც მოდის საერთაშორისო ტურისტული ბაზრის 70%, ამერიკაზე – 20% და 10% - აზიაზე, აფრიკასა და ავსტრალიაზე. დასავლეთ ევროპის ბევრმა განვითრებულმა ქვეყანამ, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, თავიანთი კეთილდღეობის დიდი ნაწილის განვითარება სწორედ ტურიზმის ხარჯზე მოახდინა [1].

დღეისათვის ადგილი აქვს შემდეგი სახის პროპორციებს:

1. მასობრივი, ანუ ჯგუფური ტურიზმი იკავებს მთლიანი ტურისტების რაოდენობის 20-39%-ს;

2. ინდივიდუალური ტურიზმი - 70-80%-ს, ტურისტები, რომლებიც მოგზაურობენ უახლოეს ქვეყნებში.

თუმცა ბოლო ხანებში ეს თანაფარდობა მასობრივი ტურიზმის მკვეთრად ზრდის ტენდენცით ხასიათდება, რაც განპირობებულია  სხვადასხვა მიზეზებით: ავიაბილეთების დაბალი ფასი; ჯგუფური ტურისტებისათვის ჩარტერების რიცხვის ზრდა; ტუროპერატორების დაინტერესება ჯგუფური ტურიზმით (რადგანაც მას საკმაოდ დიდი შემოსავალი მოაქვს); სამუშაო ადგილების რიცხვის ზრდა ჯგუფურ ტურიზმში; ავტობუსებით მოგზაური ტურისტების რიცხვის ზრდა (მგზავრობის დაბალი ფასიდან გამომდინარე); ხანგრძლივპერიოდიანი შვებულებების რაოდენობის შემცირებით, მის  პატარა მონაკვეთებად დანაწევრების ტენდენციის გამო და ამავე დროს დასვენების სიხშირის ზრდით და ა.შ..

ბოლო პერიოდის განსაკუთრებით დამახასიათებელი ნიშანი ხდება ტურიზმის დივერსიფიკაცია – ახალი ტურისტული მიმართულებების ძიება, რომლებიც გათვლილია არა მარტო დასვენებაზე, არამედ ახალი, განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მიღებაზე. ასეთებია: ექსტრემალური, რეკრეაციული, საექსკურსიო, სამეცნიერო, საქმიანი, ეთნიკური, სათავგადასავლო, სპორტული, სასწავლო, რელიგიური ან მომლოცველობითი, ჰობი-ტურიზმი, შოპინგ-ტურიზმი. დღეისათვის ძალიან პოპულარულია ინოვაციური ტურიზმის ისეთი სახეობები, როგორიცაა ეკოლოგიური, აგროტურიზმი, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, რომანტიკული, კულინარიული, სასოფლო, კოსმიური, ასევე ტურიზმი ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის, აგრეთვე ბავშვებისათვის არდადეგების პერიოდის ტურიზმი და ა.შ..

70-იან წლებში საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტი იყო საქმიანი ტურიზმის სეგმენტი, ამჟამად მდგომარეობა შეიცვალა რეკრეაციული სეგმენტის სასარგებლოდ (60%) და მხოლოდ 40% მოგზაურობს ბიზნესმიზნებისათვის.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ახალი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში გასაკუთრებით აქტუალური გახდა არის სიახლოვე ბუნებასთან და სოფელთან, რასაც განაპირობებს მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილის ცხოვრება მეგაპოლისებში. ამიტომ კვირის ბოლოს მათ მოსწონთ და სჭირდებათ დასასვენებლად სოფლის მიმართულებით ე.წ. აგარაკზე წასვლა. ნაწილს მართლაც გააჩნია საკუთარი აგარაკი, დიდი ნაწილი კი ირჩევს არატრადიციულ ე.წ. `სასოფლო~ მომსახურებებს (პატარა სახლები, ბუნგალოები, სანადირო სახლები ტყეში და სხვა). ყოველივე ზემოთ თქმულს ძალიან უწყობს ხელს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, ფართო რეკლამა, პოლიტიკური სტაბილურობა, უსაფრთხოება (გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2016-2017 წლების სამ პრიორიტეტს შორის უმთავრესი უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია გახდა). ინტერნეტის ფართო განვითარებამ ძლიერი ზემოქმედება იქონია ტურისტული დისტრიბუციის სისტემაზე. იგი ადამიანს საშუალებას აძლევს, უსწრაფესად და იაფად მიიღოს ინფორმაცია ტურპროდუქტზე და შეუკვეთოს მისთვის სასურველი ტური. გარდა ამისა, მობილური ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო კარგავს აქტუალობას სატელევიზიო რეკლამა. დღეს ყველაზე აქტიურად სახელმწიფოები ციფრულ მარკეტინგს (Digital Marketing) იყენებენ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების ასეთმა სწრაფმა განვითარებამ განაპირობა. 

 ბოლო პერიოდში, განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ყველგან დაკანონდა ანაზღაურებადი შვებულება, რომლის ხანგრძლივობა სულ უფრო იზრდება მაგ., იაპონიაში იგი წელიწადში 7 კვირას შეადგენს. ჶს, რა თქმა უნდა, ზრდის ადამიანის შესაძლებლობებს, შვებულება უცხოეთში გაატაროს. ხანგრძლივი უცხოური მოგზაურობების უდიდესი ნაწილი ხნიერი ადამიანების (პენსიონერების) წილზე მოდის (ეს, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის პენსიონერებს ეხება, სადაც პენსია მაღალია და დაგროვილი თანხები მოგზაურობების შესაძლებლობას იძლევა). აქედან გამომდინარე, ტუროპერატორები დიდ ინტერესს იჩენენ მოსახლეობის `ხანშიშესული ჯგუფის~ ე.წ. `მესამე ასაკობრივი ჯგუფი~-ის მიმართ, მოსახლეობის ამ კატეგორიას უამრავი თავისუფალი დრო გააჩნია, აქვს დაგროვილი თანხა, ანუ გააჩნიათ ყველაზე საუკეთესო `ტურისტული~ პირობები.

თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად იზრდება მოგზაური ახალგაზრდების რიცხვიც, ასევე ძალიან პოპულარული გახდა შაბათ-კვირის ხანმოკლე მოგზაურობები, რაც `მესამე ასაკობრივი ჯგუფი~-სგან განსხვავებით, ძირითადად სრულიად ახალგაზრდა თაობის  წილად მოდის. ამასთან ერთად ამჟამად თითქმის ყველა ოჯახს ავტომობილი გააჩნია, ამიტომ ისინი ადვილად გეგმავენ მგზავრობას ავტომობილით. წარსულს ჩაბარდა ტენდენცია, როდესაც ადამიანები დასასვენებლად ირჩევდნენ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კურორტებს მათი პოპულარობის გამო. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ტურისტების სოლიდურმა ნაწილმა უპირატესობა მიანიჭა მათთვის ახალი და უცნობი ადგილების მონახულებას; მსოფლიო რუკაზე ლიდერის პოზიციას ევროპა ინარჩუნებს. ამ ფონზე გაიზარდა მოთხოვნა ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მოგზაურობაზე. ბოლო ხანებში ტურიზმი, ნამდვილად გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ დარგად, რომელიც განვითარების პოზიტიური ზრდის ტენდენცით ხასიათდება. საქართველოს ბუნებრივი ტურისტული რესურსები მდიდარია: კლიმატური, ბალნეოლოგიური, ზღვის, მთების, მყინვარების, შიდა სამკურნალო წყლებისა და ბუნების სხვა უნიკალური კომპონენტებით. საქართველო მდიდარია ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლებითა და უძველესი ნაგებობებით, აქ ცხოვრობს უძველესი კულტურის მქონე სტუმართმოყვარე ხალხი, რაც საქართველოში მრავალფეროვანი სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების (რომლებიც საინტერესო იქნება ყველა თაობის ტურისტისათვის) წარმატებით განვითარების მთავარი გარანტია. 2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

• მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.

• ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.

• სარეკლამო კამპანიები: BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.

•  99 საერთაშორისო პრესტური (საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი).

•  14 ინფოტური (საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი)

•  საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes,  Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ. [11].

საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ტურისტული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტის საშუალებების გამოყენებით მიიღწევა. კერძო ორგანიზაციები საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებენ, ისინი ნაკლებად არიან დაინტერესებული სახელმწიფო ინტერესებით. ამიტომ ქვეყნისათვის ტურიტულად მიმზიდველი იმიჯის შექმნა მხოლოდ თვითონ სახელმწიფოს პრეროგატივად რჩება. მაგ., დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ისედაც არიან ტურისტულად წამყვანი ქვეყნები, მაგრამ მათი მთავრობები საკუთარი ტურიზმის განვითარებისათვის დიდ თანხებს გამოყოფენ ყოველწლიურად: 50,9 და 96,2 მლნ ევრო. შესაბამისად, საშუალოდ ევროპის ქვეყნების მიხედვით ეს მაჩვენებელი 31,7 მლნ ევროს შეადგენს. ამასთან, ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესში უმწვავესი კონკურენციის ტენდენციის გამო, ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც კი სერიოზული მუშაობა უწევთ, რათა კონკურენტუნარიან გარემოში თავიანთი ადგილი შეინარჩუნონ. მაგ., დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც  ამჟამად მომხმარებლებს დაბალფასიან ავიაბილეთთან ერთად მომენტალურად სთავაზობენ  სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებებსა და ტურებს მათვის მისაღებ ფასში (პირდაპირი ტურისტული მომსახურების პროვაიდერების (სასტუმროები, საექსკურსიო ბიუროები და სხვა) დახმარებით), მომხმარებელი დააკარგვინეს როგორც ტუროპერატორებს, ისე მსხვილ ავიაკომპანიებს, განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელიც ევროპის ქალაქებში შაბათ-კვირას მოგზაურობს. ბოლო რვა წლის განმავლობაში აირბნბ (ონლაინ საძიებო პლატფორმა განთავსების, კერძო საბინაო და მოკლევადიანი არენდისათვის მთელ მსოფლიოში) გლობალური ბაზრის სერიოზული მოთამაშე გახდა. ის, ვინც ადრე სასტუმროში ჩერდებოდა, დღეს ირჩევს კომფორტულ აპარტამენტში გაჩერებას 50-60 ევროს ფარგლებში, რაც სასტუმრო ნომრებზე გაცილებით იაფია.

XX საუკუნის ბოლოსათვის საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე ძლიერი ცვლილებები მოხდა, გაჩნდა ახალი, მოდური ტურისტული დესტინაციები: მაგ., აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი: ვიეტნამი (აქ იდება სერიოზული ინვესტიციები  შემომავალი ტურიზმის განვითარებისათვის), კამბოჯა, ლაოსი, ლათინური ამერიკა - ჩილე, აფრიკაში - სამხრეთ აფრიკული რესპუბლიკა. ამ ახალმა მიმართულებამ ძალიან სწრაფად შეიძინა პოპულარობა და გაზარდა საკუთარი ქვეყნების კონკურენტუნარიანობა ტურისტულ ბაზარზე.

XXI საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის წინ მწვავე უარყოფით ტენდენციად დადგა რეკრეაციული რესურსების შენარჩუნების და განვითარების პრობლემა. ამისათვის აუცილებელია სახელმწიფო ორგანოების და სამეწარმეო სტრუქტურების შეთანხმებული მოქმედება ტურიზმის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ეკოლოგიის საკითხებში. მაგ., სწორედ დღეს, ტექნოკრატიულ პირობებში ცხოვრების პირობების გამო ძალიან მიმზიდველი ხდება ბუნებრივი ლანდშაფტი, სუფთა წყალსაცავები, ტყე, სუფთა ჰაერი. სწორედ ეს იწვევს სასტუმროების, დასასვენებელი სახლების აშენების სურვილს ამ ადგილებში, ხოლო ეს, თავის მხრივ, ანადგურებს იმ ლანდშაპტს, რომელიც თავისი მნიშვნელობით უნიკალური და საინტერესოა. მაგ., ლა-მანშის ბელგიური სანაპირო სრულიად გაანადგურა სანაპირო ზოლზე 62 კმ-იანმა სასტუმროების მშენებლობის ბუმმა, აშენდა დამცავი დამბები, რამაც კატასტროფულად შეამცირა ქვიშის რაოდენობა `პლაჟებზე~ და, რა თქმა უნდა, გააფუჭა ისინი. ასევე მაგ., დასვენების ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილია ჰავაის კუნძულები, სადაც უნიკალური ბუნებრივი და კლიმატური პირობებია, ეკვატორთან სიახლოვის გამო აქ მუდამ სითბოა. აქ ადგილობრივი ტროპიკული ბუნება, კულტურა, ჩვეულებები, ტრადიციები მეტად საინტერესოა ტურისტებისათვის. ჰავაის მოსახლეობის (1 მლნ ადამიანი) ძირითადი შემოსავალი ტურიზმის წილად მოდის. მაგრამ, ყველა სიკეთესთან ერთად, ტურიზმს მათთვის  ბევრი უბედურებაც მოაქვს; გაფუჭდა და შემცირდა სასმელი წყლის რაოდენობა და ხარისხი, გაქრა ფრინველების და ცხოველების ზოგიერთი უნიკალური სახეობა. ამ პრობლემის გამო გაეროს გარემოს დაცვის კომისიამ და WTO-მ 1982 წელს მიიღეს ერთობლივი დეკლარიაცია ტურიზმის და გარემოს შესაძლებლობებს შორის წონასწორობის შენარჩუნების შესახებ, რომელიც, ჩვენი აზრით, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია.

`Sustainable turizm~ - მდგრადი ტურიზმი ახალი ტერმინია, რომლისთვისაც WTO-ს მიერ შემუშავებულია მისი განვითარების პრინციპები, რომლებიც პირველ რიგში მიმართულია ეკონომიკის და გარემოს დაცვის ინდუსტრიის წონასწორობაზე  ტურიზმის და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაზე, საზოგადოებრივი და კულტურული ფასეულობების, ჰაერის, წყლის სისუფთავისა და წიაღისეულის  შენარჩუნებაზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე გენერალურმა ასამბლეამ 2017 წელი   ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად გამოაცხადა, რითაც მსოფლიო ლიდერების აღიარებით მსოფლიოს მდგრად განვითარებაში ტურიზმის განვითარების ტენდენციამ   მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც  ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სტრატეგიული მიზნების განხორციელების ერთ-ერთმა ძლიერმა ინსტრუმენტმა. `მდგრადი ტურიზმი~ არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ადამიანის უფლებას მოგზაურობის თავისუფალ არჩევანზე, ასევე აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მომავალი თაობების ინტერესებს.

მდგრადი განვითარების სწორი და ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებით ქვეყანა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გრძელვადიან პერიოდში იღებს ეკონომიკურ სარგებელს. საერთაშორისო ტენდენციების გაანალიზებით შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარება მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის მასშტაბს ამცირებს. იგი ხელს უწყობს ტურისტულ ადგილებში ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდას და ამცირებს იმპორტირებული საქონლის შემოდინებას. ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად სახელმწიფო ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ეფექტიან პრევენციას და ტურისტულ ადგილებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსების დაცვას მათი დაბინძურების, გამოფიტვისა და განადგურებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის ეკოლოგიური საფრთხე. ადგილობრივი მთავრობების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ტურიტების მასიური თავმოყრის ადგილებში ტურისტული ნაკადების რეგულირება. ტურისტთა კონცენტრაციამ არ უნდა გადააჭარბოს დესტინაციისათვის დადგენილ გამტარუნარიანობის დონეს და ნორმებს. ეს ცუდად ზემოქმედებს გარემოზე, აჩანაგებს და აფუჭებს სწორედ იმას, რის გამოც ტურისტები ირჩევენ მოგზაურობას სწორედ აქ და არა სხვაგან. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Современные тенденции и актуальные вопросы развития туризма ...  se.sportedu.ru/sites/se.sportedu.ru/files/sbornik_turizm-2017.pdf

  2. Боголюбова Е. В. Современные тенденции и перспективы развития международного туризма // Молодой ученый. — 2017. — №37. — С. 52-55. — URL https://moluch.ru/archive/171/45573/
  3. Тенденции развития современного туризма - magref.rutendentsii-razvitiya…turizma/
  4. Барометр международного туризма ЮНВТО [Электронный ресурс] /. — Электрон. Журн. — Режим доступа: http://www.rmat.ru/wyswyg/file/news/2014-2015/24082015_unwto.pdf
  5. В 2016 году число туристов в мире достигло 1,235 млрд. - Всемирная туристская  организация. [Электронный ресурс] // http://www.finmarket.ru/database/news/4452635 
  6. Мировой туризм в 2016 году вырос на 3,9%. [Электронный ресурс] // http://www.atorus.ru/news/press-centre/new/38014.html
  7. В первой половине 2016 г. число международных прибытий возросло на 4 %. [Электронный ресурс] // http://media.unwto.org/ru/press-release/2016-1017/v-pervoi-polovine-2016-g-chislo-mezhdunarodnykh-pribytii-vozroslo-na-4 (дата обращения: 24.02.2017).
  8.  Современный международный туризм: тенденции...sci-article.ruТенденции и перспективы
  9. ekonomikaSi turizmis wilis mixedviT saqarTvelo msoflioSi ...www.bm.ge/ka/article/ekonomikashi-turizmis-wilis-mixedvit-saqartvelo...e.../3306
  10. Forbes Georgia - turizmi, turistebi, UNWTO - forbes.ge/news/2714/turizmis-efeqti
  11.  http://www.economy.ge/?page=news&nw=482 - 2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური  ეწვია.
  12. UNWTO World Tourism Barometer - Advance Release January 2017. – [Электронный ресурс] – Режим доступа: http://tourlib.net/wto/UNWTO_Barometer_2017_01.pdf